გაბუნია: 17 წლის გოგონას გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება

ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალება და ასევე გარდაცვლილების ახლობლები ხშირად ადანაშაულებენ ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობის გამო.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. 17 წლის გოგონას გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს, ეს არის დეზინფორმაცია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

ასეთი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 17 წლის გოგონა COVID-19-ით გარდაიცვალა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მასთან დროულად ვერ მივიდა.

ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

„17 წლის გოგონას გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს. სასწრაფოს რეაგირება იყო მყისიერი, მაგრამ, საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი. კონკრეტულად თუ რამ გამოიწვია, ეს დადგინდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტელეარხის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი პანიკის გამოწვევას ემსახურება და დანაშაულის ტოლფასია.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, როგორც კი არის ასეთი ცრუ ინფორმაცია, მოხდეს განმარტება“, – განაცხადა გაბუნიამ.