„კიდევ უფრო მეტი იქნება“ - გამყრელიძე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს

საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ინფიცირების შემთხვევების დროულად გამოვლენისთვის შესაბამის ზომებს მიმართავს
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებასთან ერთად, უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

გამყრელიძე: მიდის მოკვლევა – ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირების შემთხვევა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ათასი სწრაფი და PCR-ტესტი გაკეთდა, რაც ქვეყნისთვის აბსოლუტური რეკორდია. მანამდე ქვეყანაში დღეში დაახლოებით ათი ათას ტესტს აკეთებდნენ. სწორედ ტესტების რაოდენობის ზრდის შედეგად გამოვლინდა ქვეყანაში  ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 5068 ადამიანი ბოლო 24 საათში.

 „ვლინდება სულ უფრო მეტი ადამიანი. თუ ჩვენ ყოველდღე ანგიტენზე დაფუძნებული ტესტით ვავლენდით დაახლოებით 700-800 დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით - ესაა 1442 მხოლოდ ანტიგენზე დაფუძნებული და 3600 PCR–ტესტით გამოვლენილი. ზრდა დაკავშირებულია გაფართოებულ ტესტირებასთან“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ მომენტისთვის საქართველოში დაახლოებით 350-370 ათასი  PCR–ტესტია. შეკვეთილია ნახევარი მილიონი ტესტი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ორ კვირაში შემოვა. 

როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები

 „ჩვენი მიზანია დღეში 20 ათას ტესტამდე გავაკეთოთ, აქედან ნახევარი იქნება PCR–ტესტი. მეორე ნახევარი კი - ანტიგენზე დაფუძლებული“, - ხაზი გაუსვა გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში მოიმატებს იმ პუნქტების რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.

 „არ არის გამორიცხული აფთიაქების დამატებაც, მაგრამ ტესტირების ჩასატარებლად საჭიროა სათანადო სივრცე. თუ დავინახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც თბილისის მასშტაბითაა, არ არის საკმარისი, იქ არის რიგები და ტესტებზე დიდი მოთხოვნილება, შესაძლოა, ეს ვარიანტი განხილული იქნეს, მაგრამ არა ყველა აფთიაქში, რასაკვირველია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან 152 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 126 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1,4 ათასი გარდაიცვალა.