გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები გადასცა

მმართველ პარტიაში იმედს იტოვებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი შედეგს გამოიღებს და პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ხელით მმართველ პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს“ მოთხოვნები გადასცა და ახლა ელოდება პასუხს, რომელზეც დამოკიდებული იქნება, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. 

არჩევნების შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილია: რას მოიმოქმედებს ოპოზიცია

ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით გუშინ წინადადებების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. დოკუმენტის შექმნაში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა – „პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ საერთო კონსულტაციებში არ მონაწილეობს.

 „ოპოზიციის ყველა მოთხოვნა და კრიზისის განმუხტვის ჩვენი ხედვა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც მოლაპარაკებების შუამავლებმა, ეს დოკუმენტი ოფიციალურად გადასცენ „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ველოდებით პასუხს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, არ გაახმაურონ დოკუმენტის დეტალები მმართველი პარტიისთვის მის გადაცემამდე.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი შუამავლები არიან. 2020 წლის დასაწყისში მათ მოახერხეს და მიაღწიეს მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ მხარეებს შორის ორი შეხვედრის ორგანიზება მოახერხეს, თუმცა. შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ამასთან, როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი ძალისგან დოკუმენტალურ პასუხს მიიღებს. 

„კი“ თუ „არა“? კალაძე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს

 „ველოდებით ჩვენს შეთავაზებაზე „ქართული ოცნების“ პასუხს, არა პრესკონფერენციაზე, არამედ იმ ფორმატით, რომლითაც ჩვენ გადავეცით“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

დოკუმენტის რამდენიმე დეტალი გაამხილა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

 „მოლაპარაკების საგანი არის პოლიტიკური შეთანხმება. ოპოზიციის შესვლა პარლამენტში არის ნაბიჯი, რომელიც გამომდინარეობს პოლიტიკური შეთანხმებიდან. ამიტომ მოლაპარაკებებზე ჩვენ ვისაუბრებთ პოლიტიკური შეთანხმების დეტალებზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალაში რჩება, თუმცა, დეტალებზე შეთანხმება შესაძლებელია. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“, ოპოზიცია გაუგზავნის მას დოკუმენტს, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ოპოზიციაში არ მალავენ, რომ მმართველი პარტიის პასუხზე დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარება-არჩატარების საკითხი. 

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ამ ეტაპზე ოპოზიცია არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა და არ აპირებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას.

მმართველ პარტიაში კი იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკების პროცესი შედეგს გამოიღებს და პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში. ამასთან, აცხადებენ, რომ არ აპირებენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

არჩევნების შედეგებით რვა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში 60 ადგილი მიიღო. თუმცა, ისინი არ აღიარებენ კენჭისყრის შედეგებს და უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები აქტიურად არიან ჩართული.