ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

საქართველოს საუკუნეების განმავლობაში არაერთი სახელგანთქმული ფალავანი ჰყოლია, რომლებიც ყველას ანცვიფრებდნენ თავიანთი საგმირო საქმეებით.
Sputnik

ბეთქილ ნასყანი

ქალაქ სოხუმის მილიციაში მუშაობდა საოცარი ძალის ოპერმუშაკი ბეთქილ ნასყანი, რომელსაც მუშტით კედლის განგრევა შეეძლო.

1980 წლის ივნისის ცხელ დღეს მილიციის თანამშრომლები ერთ-ერთ რესტორანში მანდილოსნებთან ერთად აღნიშნავდნენ კოლეგის დაბადების დღეს. ამ დროს რესტორანში ექვსი უცხოელი შევიდა და გვერდით მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხანში, როცა ბეთქილი დარბაზიდან იყო გასული, სამი მათგანი ნასვამი მილიციელების მაგიდასთან მივიდა და მანდილოსნებს უდიერად მოექცნენ. მილიციელებმა თანხმლები ქალების დაცვა მოინდომეს, მაგრამ ის სამი უცხოელი დაბზრიალდა და ცხრა კარგად ნავარჯიშევი მილიციელი წამებში აქეთ-იქით მიყარ-მოყარა.

ჩვეულებრივი დევგმირები, ანუ როცა ძალა გულშია: ორი ამბავი საქართველოს ისტორიიდან

სწორედ ამ დროს დაბრუნებულა ბეთქილ ნასყანი დარბაზში. სამარცხვინო დღეში ჩაყრილი კოლეგები რომ დაუნახავს, კუნთმაგარ სვანს „ტორები აუმუშავებია“ — ჯერ ის სამი თავდამსხმელი გაუთიშავს მომენტალურად და მერე დანარჩენ სამსაც დარევია, ფეხქვეშ ხალიჩასავით გაუფენია. თავად ბეთქილს მხოლოდ თვალი ჰქონია ჩალურჯებული და დარცხვენილი ვაჟკაცი მასაც მალავდა თურმე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ექვსი უცხოელი კუბელი მოკრივეები, ოლიმპიური ნაკრების წევრები ყოფილან, რომლებიც მოსკოვის ოლიმპიადისთვის მზადებას სოხუმში გადიოდნენ. ბეთქილ ნასყანის მიერ ნოკაუტში ჩაყრილი კუბელები მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, ორს ყბა ჰქონდა დაჩეჩქვილი, დარჩენილ ორს ნეკნები და ლავიწის ძვლები ჰქონდა გაბზარული.

ბეთქილის გალახული მოკრივეებიდან ორმა ვეღარ შეძლო ვარჯიშის გაგრძელება და უკან გაიწვიეს. დარჩენილი ოთხიდან კი სამი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კოსტა მაისურაძე

ცხმორელი (რაჭა) კოსტა მაისურაძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გასაოცარი ძალით. როგორც ამბობენ, 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით ისროდა და კისრით იჭერდა, თანაც ისე, რომ დაღლას ვერც გრძნობდა.

ფინანსური შეჭირვების გამო კოსტას რაჭის დატოვება მოუხდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მეპურედ დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს კი ვარჯიშს უთმობდა. ერთხელაც სავარჯიშოდ უზარმაზარი ლოდი წაიღო, რომელიც ერთ-ერთი დუქნის ეზოში იდო და მოქეიფეებს მაგიდად ემსახურებოდა. როცა დუქნის მეპატრონეს ეს ლოდი ადგილზე არ დახვედრია, ეჭვი მაშინვე კოსტა მაისურაძეზე მიუტანია, რადგან მისი ადგილიდან დაძვრა რაჭველი ფალავანის გარდა მთელ თბილისში არავის შეეძლო. კოსტაც იძულებული გამხდარა, „სავარჯიშო ლოდი“ უკან დაებრუნებინა.

ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

მალე რაჭველმა რკინისმკვნეტელმა ბეჭდაუდებელი ფალავნის სახელი დაიგდო. არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის, გრიგორი კამიშევი, თედო ლილოელი, მიტუა ყასაბი, იოსებ ცერაძე, კლემენს ბული და მრავალი სხვაც გააკრა ბეჭებზე. განსაკუთებით გასაოცარი გამოდგა ოს „კაზბეგ გორასთან“ შეჭიდება და მისი დამარცხება, რომელიც კოსტაზე თითქმის ერთი თავით მაღალი ყოფილა.

კოსტა მაისურაძე თურმე ათკილოიან მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლემ — მარია ფიოდოროვნამ გადასცა ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. რაჭველი ფალავანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა, ანუ მისი დამარცხება.

ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

კაცთაგან დაუმარცხებელი ფალავანი ულმობელმა სენმა — ტიფმა დასცა ბეჭზე, რომელიც 1918 წელს შეეყარა ბაქოში, სადაც ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კოსტა მაისურაძე თბილისში გარდაიცვალა, როცა ის მხოლოდ 37 წლისა იყო.

ვაჟა-ფშაველა

გადმოცემის თანახმად, ვაჟა-ფშაველას იმ დროის სახელგანთქმული ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე, თავისი ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი ჯონ სალივანი ჰყავს გალახული.

„მთის არწივის“ მძიმე მუშტის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაგრამ სალივანის დაჩაგვრა მართლაც რომ დაუჯერებელ ამბავს წარმოადგენდა.

ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

გადმოცემით, 1883-1884 წლებში ჯონ სალივანი პეტერბურგში ყოფილა ჩასული ტურნირების გასამართად. ირლანდიური წრმოშობის ამერიკელი მოკრივე ამერიკის კონტინენტზე დაუმარცხებელ ათლეტად მიიჩნეოდა და იმპრესარიოსთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა „ძალის მოსასინჯად“.

სალივანის პეტერბურგული ტურნე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ამას, სხვა მოკრივეებთან ერთად, რესტორანში აღნიშნავდა თურმე. მაგრამ სიხარული ქართველებმა ჩაუშხამეს. გათავხედებულ მოკრივეებს სტუდენტ ლუკა რაზიკაშვილისა და მისი ძმის ბაჩანასთვის უკმეხად მიუმართავთ. თავმოყვარე ქართველებმა კი გადამთიელებს შეურაცხოფა არ აპატიეს და ღირსება მუშტით დაიცვეს — საშინელ დღეში ჩაუყრიათ სალივანი და მისი თანმხლები მოკრივეები.

ბოლოს კი, როცა ძმებმა რაზიკაშვილებმა დაინახეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარავის ჰქონდა, წაქცეულის ცემას ხომ აღარ იკადრებდნენ, რესტორანი დატოვეს...