აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია იქნება წარმოდგენილი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში ორი პარტია მოხვდა – მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

უვადო აქცია ბათუმში: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 31 ოქტომბერს გაიმართა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება – 14 ადგილი, დანარჩენი შვიდი – „ნაციონალურ მოძრაობას“.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ პროტესტის ნიშნად აქციაზე კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიასთვის სიმბოლურად „გამყალბებლის სერტიფიკატი“ მიიტანეს.

არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მთლიანად ქვეყანაში უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატების მიღებაზე, ანალოგიური მდგომარეობაა აჭარაშიც. შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოც ერთპარტიული იქნება.