ADB–მ  საქართველოს კოვიდთან საბრძოლველად  2,5 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა

აღნიშნული გრანტი პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას მოხმარდება
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად 2,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 170.8 მლნ ევროს გამოუყოფს

უწყების ცნობით, საგრანტო თანხა პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას მოხმარდება, მათ შორის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაზრდას, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას.

როგორც ADB-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში შეინ როზენტალმა განმარტა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის და აღნიშნული გრანტი ქვეყანას  საპასუხო ქმედებების განხორციელებაში დაეხმარება.

„გრანტი ADB-ის მიმდინარე დახმარების ნაწილია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად”, - განაცხადა  როზენტალმა.

მიმდინარე წლის მაისში აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის 100 მლნ  დოლარის სესხი დაუმტკიცა, გარდა ამისა,  ოქტომბერში ბანკმა 200 მლნ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ასევე,  ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გამოუყო გრანტი PCR-ტესტის აპარატის შესაძენად.

ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გამოყოფილი ვალის საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.