თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–ში ოპერატორების რაოდენობა 50%–ით გაიზრდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად „112“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნო.
როგორც გომელაურმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ინფიცირების რაოდენობისა და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად „112"-ის დატვირთვა გაიზარდა.
„112–ში სულ უფრო მეტი ადამიანი რეკავს, შესაბამისად თითოეული მოქალაქისთვის ლოდინის რეჟიმი 5, 6 და 7 წუთამდე გაიზარდა. არის შემთხვევები როცა ეს დრო უფრო დიდია. დღეს ცენტრში 24 საათის განმავლობაში 300 ოპერატორი მუშაობს, უახლოეს ერთ კვირაში 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კორონავირუსის მართვის პროცესში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 152.704 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 126.904, გარდაცვლილია 1.425 პაციენტი.