თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.