რუსეთის მოქალაქე კახეთში შვიდი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 41 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული ლაგოდეხი–ბაკურციხე–თბილისის გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გადაჰქონდა.

პოლიციამ შვიდი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.