„როცა პანდემია დამთავრდება...“ – ქართული თეატრების გრანდიოზული ჩანაფიქრი

კოვიდ–შეზღუდვების გამო ქვეყნის ყველა თეატრი დაიხურა. შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ–წარმოდგენები და დასის რეპეტიციები მცირერიცხოვანი შემადგენლობითა და პირბადეებით.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი–უმცროსი უჩვეულო ფლეშმობის წინადადებით გამოდის – როდესაც პანდემიის მძიმე პერიოდი გაივლის, ყველა თეატრმა პრემიერა ერთ დღეს მოაწყოს.

რით ვართ რესტორნებზე ნაკლები, ანუ ქართული თეატრების პანდემიური კრიზისი

რეჟისორმა წერილით საქართველოს ყველა თეატრს მიმართა და ულამაზესი პრემიერით სწრაფი გახსნა უსურვა.

„მინდა ერთი ჩემი პატარა სურვილი გაგიზიაროთ. როდესაც გადაივლის ეს მძიმე პერიოდი და დადგება გახსნის დღე, 2021 წელს ერთი თვე და რიცხვი ავირჩიოთ და ყველამ ერთად, ერთ დღეს და ერთ დროს მთელ საქართველოში ვითამაშოთ პრემიერა ერთდროულად! გავავსოთ ყველა თეატრის დარბაზი დიდი შემოქმედებითი სიყვარულით“, – დაწერა შალიკაშვილმა Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, როდესაც ყველა, 52 თეატრი ერთდროულად გამართავს პრემიერას, ეს ქვეყნისთვის გრანდიოზული დღესასწაული იქნება.