დღეს ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს

საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 17:00 საათზეა დანიშნული, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და საბოლოო შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.

სხდომაზე დაგეგმილია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგებისა და საპარლამენტო არჩევნების საერთო შედეგების შეჯამება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. პირველი ტურის შემდეგ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში დაინიშნა მეორე ტური. 22 ნოემბერს მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ოპოზიციის კანდიდატებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, თუმცა ნომინალურად ისინი მაინც იყვნენ ბიულეტენებში.

საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს. ამისთვის მას 10 დღე ექნება.

წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის მმართველმა პარტიამ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო.

„პერსპექტივა არის“ – ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასთან ოპოზიციის მოლაპარაკებებს აფასებს>>

დღეს არსებული მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი ექნება, რაც მას საშუალებას მისცემს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა და მიიღოს ნებისმიერი კანონი ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე.

ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, გაინაწილებენ დარჩენილ 60 ადგილს და გავლენის მოხდენას მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და მიწის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებაზე შეძლებენ.

მაგრამ ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა თავისი გავლენა ცესკოში და არჩევნები გააყალბა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ თავიანთი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და საკუთარი პროპორციული სიების გაუქმებას აპირებენ.

ოპოზიციის მხრიდან საბოლოო ბოიკოტამდე საერთაშორისო შუამავლები – ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები კვლავ ცდილობენ იპოვონ კომპრომისი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რათა ამ უკანასკნელმა მანდატებზე უარი არ თქვას.

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს>>

მხარეებმა უკვე ჩაატარეს მოლაპარაკებების ორი რაუნდი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით დასრულდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინადადებები უნდა წარადგინოს მოლაპარაკებების მესამე რაუნდში, რომლის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული.

ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს 13 დეკემბრამდე და თუ ამ დრომდე შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მას მხოლოდ და მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაესწრება და პარლამენტის მთელ სტრუქტურას თავისი რიგებიდან აირჩევს.

ამ შემთხვევაში პარლამენტში იქნება 90-კაციანი ერთი ფრაქცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გამართავს სხდომებს და მიიღებს ყველა კანონს ოპონენტების კრიტიკის გარეშე.

პარლამენტის პირველი ორი გადაწყვეტილება იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და 2021 წლის ბიუჯეტის მიღება.