თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.
ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.
„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.
საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.