მსოფლიო დღეს

ეჭვების დასაძლევად: ექს-პრეზიდენტი COVID-19-ზე საჯაროდ აცრას აპირებს

ყოფილმა პრეზიდენტმა შეახსენა საზოგადოებას, რომ სწორედ ვაქცინაციით გახდა შესაძლებელი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებების დამარცხება.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მზად ვარ საჯაროდ ავიცრა კორონავირუსზე, რათა დავეხმარო საზოგადოებას, დაძლიოს ეჭვები ვაქცინაციის შესახებ, განაცხადა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

„შემიძლია ეს ტელევიზიით ვაჩვენო ან კამერით გადავიღო, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მე ვენდობი მეცნიერებას“, — განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა რადიო SiriusXM-თან ინტერვიუში.
აშშ კოვიდ-ვაქცინის 3 ათას ბავშვზე გამოცდას იწყებს

ობამას თქმით, ის სრულად ენდობა ისეთ ამერიკელ მეცნიერებს, როგორიცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი.

„თუ ენტონი ფაუჩი მეტყვის, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხოა და შემიძლია ავიცრა, მე აუცილებლად ასეც მოვიქცევი“, — თქვა ბარაკ ობამამ.

ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტა, რომ არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ვაქცინებს არ ენდობიან. თუმცა იქვე შეახსენა ასეთებს, რომ სწორედ ვაქცინაციით გახდა შესაძლებელი პოლიომიელიტის დამარცხება და ასევე მასობრივი სიკვდილიანობის აღმოფხვრა საშიში ინფექციური დაავადებების — წითელასა და ყვავილის შემთხვევაში.