ტიკარაძე: ქვეყანაში კოვიდ–შეზღუდვები არ გადაიხედება

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიების მიზნით ხელისუფლებამ ბიზნეს–სექტორთან არაერთი შეხვედრა გამართა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები არ გადაიხედება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

მისი თქმით, ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და საერთაშორისო ექსპერტები.

„ყველა შეზღუდვის თაობაზე დეტალურად მოხდა საუბარი, ასევე გაკეთდა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ასეთი ტიპის შეზღუდვების შემოღება. რაც შეეხება შეღავათებს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს, თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს და რა შემთხვევაში შეძლებენ ისინი დახმარების მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სთხოვენ 24 დეკემბრის ნაცვლად საქმიანობის განახლების უფლება 15 დეკემბრიდან მისცენ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში 1.300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.