საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადმოკვეთის წესები იცვლება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზევე ქვეყნის საუკეთესო სასტუმროები საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ამ დრომდე უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე 8-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება. 

საქართველოში დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

ამიერიდან კი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ტესტის პასუხს არ წარმოადგენენ, ისინი კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. შესაბამისად, არ მოხდება მათი საკარანტინო სასტუმროებში გადაყვანა. იმ მოქალაქეებს კი, რომელთაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ კოვიდ–სასტუმროებში განთავსებას“, – განაცხადა სიჭინავამ.

მოქმედი წესების თანახმად, საქართველოში ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის პასუხი წარმოადგინოს. ისინი, ვინც კარანტინში გადაყვანაზე უარს აცხადებენ, ვალდებული არიან 12 დღის განმავლობაში ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ. თავდაპირველად აღნიშნული ვადა 14 დღით იყო განსაზღვრული.