თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
გუშინ 36 წლის ვაშაყმაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ვიდეო წაშალა და ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
როგორც შსს-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლები ვაშაყმაძეს ქალაქ ფოთში შეხვდნენ, რათა ის მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში გამოეძახებინათ. ამ დროს ვაშაყმაძე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვაშაყმაძე საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „გამარჯვებული საქართველოდან“ მონაწილეობდა.
ვაშაყმაძე აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა იმართება. ორშაბათს საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე ფაქტი მოხდა.
ოქრუაშვილის პარტიას გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ვაშაყმაძე უკვე გახდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კრიტიკის ობიექტი.