ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

დავითაშვილს ბოლო რამდენიმე წელია ბეხტერევის დაავადება ჰქონდა. პოლიტიკოსი დაახლოებით ორი კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

დავითაშვილი დაახლოებით ორი კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მას აღენიშნებოდა სეფსისი, სეპტიკური შოკი, პოლიორგანული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილი „ხალხის პარტიის“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო. 

რატომ ბრუნდება კობა დავითაშვილი პოლიტიკაში: „ოცნების“ უუნარობა და მოსალოდნელი საფრთხე

პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო 2013 წელს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

2013 წელს დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მან ამომრჩეველთა ხმების 0,6%-ის მიღება შეძლო. მანამდე მან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მიიღებდა.

ბოლო პერიოდში დავითაშვილი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა და ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებოდა.  კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომელიც დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. პოლიტიკოსი მის დაავადებას 2007 წლის ნოემბერში მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა.

2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქცია დაარბიეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იმ დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქციის დაშლის დღეს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სასტიკად ნაცემ დავითაშვილს მეორე დღეს ერთ-ერთ კლინიკაში მიაკვლიეს.