თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. გლდანის მერვე მიკრორაიონში მრავალფუნქციური სკვერი მოეწყო, ნათქვამია თბილის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სკვერი N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორის მოეწყო და დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
აღნიშნული სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოწყო საკალათბურთო მოედანი, ბავშვებისთვის - ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობს და სულ დატვირთულია. ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია განტვირთვა, დასვენება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მრავალფუნქციურ სკვერში მოეწყო გასართობი, დასასვენებელი და საბავშვო ზონები. განთავსდა მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა.
სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები.
პროექტი გლდანის გამგეობის მიერ განახორციელდა და მისი ღირებულება 1 139 115 ლარს შეადგენს.