თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს. ამას ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.
„აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში მაშინვე გადასვლას გულისხმობს, საყურადღებო შემთხვევების – კოვიდ-სასტუმროებში გადასვლას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“, – განმარტა სიჭინავამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 143.376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121.621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.342 მოქალაქე.