ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ათასზე მეტი ფაქტი გამოავლინა

შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.