ვინ დაემატა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკ-ჯგუფებს

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და რისკ-ჯგუფებისთვის უფასოა.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკ-ჯგუფებს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რისკ-ჯგუფებს სკოლების პედაგოგები და 65 წელს ზემოთ ასაკის პირები დაემატნენ.

დღეისათვის რისკ-ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი. 

გრიპისა და COVID-19-ის მსგავსება–განსხვავებები: ჯანმო განმარტავს

2020 წელს საქართველოს მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, 2,5-ჯერ მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეისყიდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე შესყიდულია ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა VAXIGRIP TETRA – ვაქცინის პირველი 25 ათასი დოზა განაწილდა თბილისსა და რეგიონებში, რაც პირველ რიგში ყველაზე უფრო მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით ქვეყანამ ვაქცინის 77 ათასი დოზა მიიღო, რომელიც ასევე გადანაწილდა ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე სეზონური გრიპებიც დაერთვება თან.