საქართველოში ერთ საღამოს ქვეითთან შეჯახების ორი შემთხვევა მოხდა: არის მსხვერპლი

1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ქვეითთან შეჯახების 802 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერია - Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში ქვეითთან შეჯახების ერთბაშად ორი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

პირველი არხის მონაცემებით, რუსთავში Chevrolet-ის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ავარია თბილისის ცენტრში: წვიმიან ამინდში სანაპიროზე ორი ავტომობილი დაიმტვრა - ვიდეო

შედარებით გაუმართლა მამაკაცს, რომელსაც ავტომობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მისსავე საცხოვრებელი სახლის წინ შეეჯახა. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ქვეითთან შეჯახება - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა საქართველოში. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 802 ასეთი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი  დაშავდა.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.