ქართული კინოს მოყვარულებისთვის: კინოცენტრმა ვირტუალური კინოკლუბი შექმნა

კინომანებს შეუძლიათ უახლესი ქართული ფილმების ონლაინ–სეანსზე დასწრება და ასევე კინოგადაღებების ბექსტეიჯიდან ექსკლუზიური კადრების ხილვა.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ–კინოკლუბი შექმნა, სადაც ნებისმიერს შეუძლია ნახოს ახალი ქართული ფილმები და კადრები კინოს გადაღებებიდან, ასევე გაეცნოს კინემატოგრაფიის სიახლეებს.

კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ ქართული კინოს მოყვარულებს კლუბში გაწევრიანება ამ ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.

კინოცენტრი კინოდოკუმენტალისტებისთვის მასტერ–კლასებს ჩაატარებს

პირველი ჩვენებები უკვე გაიმართა – კინოცენტრი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა და მაყურებელს ქართველი რეჟისორების თემატური ფილმები შესთავაზა: მარიამ გულბანის „სანამ მამა დაბრუნდება“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“.

ონლაინ ჩვენებები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე Facebook-live-ის ფორმატში და კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე იმართება.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ამჟამად შემდეგი კინოჩვენებების დაგეგმვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან.