„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდა

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო. 

ქართული ვაშლის ექსპორტიდან მოგებამ 2 მლნ დოლარს გადააჭარბა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე ვაშლზე ფასი დაეცა, ამიტომ მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.