ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კვლავ ძველი მოთხოვნა აქვთ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა - მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები მეტეხის ტაძრის ეზოში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს >>

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს „ლელოს“ ოფისში გაიმართა. დეკლარაციას პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ხელს მოაწერენ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები, აგრეთვე ისინი თავის პარტიულ სიებს გაიწვევენ.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდა რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს. ის მაშინ გაჩნდება, როდესაც მათი მხრიდან იქნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.