თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მბრწყინავი ლითონისგან დამზადებული იდუმალი მონოლითი, რომელიც იუტის (აშშ) უდაბნოში ორიოდე დღის წინ აღმოაჩინეს, უკვალოდ გაქრა, იუწყება მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 3 მ სიმაღლის მონოლითი, რომელიც უცხოპლანეტურ ნაკეთობას ჰგავდა, იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შენიშნეს ვერტმფრენიდან, როდესაც უდაბნოს თავზე შემოფრენას ახორციელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციამ უცნაური აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მედიასაშუალებები შემოიარა.
შტატის ხელისუფლებამ დაადასტურა იდუმალი მონოლითის პოვნის ფაქტი, მაგრამ მისი ზუსტი კოორდინატების გამჟღავნებაზე უარი თქვეს. გადაწყვეტილების მიზეზად ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა დაასახელეს, ვინაიდან უდაბნოს ცენტრში მდებარე ობელისკამდე მისვლა კარგად მომზადებული ადამიანებისთვისაც კი სახიფათო იყო.
მიუხედავად ამისა, ზოგმა დაინეტერსებულმა პირმა მაინც შეძლო მიეგნო ობელისკისთვის.
თვითმხილველების თქმით, უდაბნოში ნაპოვნი მონოლითი ძალიან ჰგავდა ფორმით ობელისკს სტენლი კუბრიკის ფილმ „2011 წლის კოსმოსური ოდისეიდან“ — ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შავი კი არ იყო, არამედ მბრწყინავი ვერცხლისფერი.
შტატის ხელისუფლებამ ობიექტის შესწავლა დაიწყო, ხოლო მიწათმოწყობის ბიურომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტერიტორიებზე ნებისმიერი კონსტრუქცია, მათ შორის უცხოპლანეტურიც, უკანონოდ მიიჩნევა. თუმცა ისინი კატეგორიულად უარყოფენ მონოლითის იდუმალ გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს.
როგორც მასმედია წერს, „უცხოპლანეტური“ ობელისკისგან ახლა ადგილზე მხოლოდ ამონათხარი და ლითონის სამკუთხედია დარჩენილი, რომელიც მანამდე კონსტრუქციის თავზე იყო დამაგრებული.
როგორც კოლორადოს მკვიდრი რიკარდო მარინო ამბობს გამოცემასთან, მან მონოლითთან მისასვლელ გზაზე ღამით, დაახლოებით 22:40 საათზე სატვირთო ავტომობილი შენიშა. რომელსაც დიდი სწორკუთხა საგანი გადაჰქონდა. მან ვერ შენიშნა, ზუსტად რა მიჰქონდა ავტომობილს, მაგრამ ადგილზე მისულს ობელისკი აღარ დახვდა.