გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით მზარდი ინფიცირების გამო აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ შეიქმნას, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ COVID-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება.

„ეს უპასუხისმგებლობაა“ – ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე აჭარაში

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომელთა მობილიზებაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნება: რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20 305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 383 პაციენტი, 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა