ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიაციულ უსაფრთხოებაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 2020–2025 წლებში თანამშრომლობის პროგრამა შეათანხმეს.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში პროექტების რეალიზებისთვის საქართველოს 10,2 მლნ ევროს გამოუყოფს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჩარჩო ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დაზუ იანგმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა თბილისში ურანის საკითხი განიხილეს

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი 2020-2025 წლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რაც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აკონტროლებს ბირთვულ უსაფრთხოებას ქვეყანაში, გასცემს ავტორიზაციას მსგავს საქმიანობაზე და აკონტროლებს მას, ასევე თვალს ადევნებს გარემოს რადიაქტიულ მდგომარეობას და აკონტროლებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვას.