შსს-ს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ჩატარება შეაჩერა

საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ, თავი შეიკავონ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მისვლისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახალი შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები 30 ნოემბრიდან მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

გამონაკლისს წარმოადგენენ ის მოქალაქეები, რომელთა გამოცდები წინასწარ იყო დაგეგმილი და ვინც გამოცდას მართვის მოწმობის აღსადგენად აბარებს. სერვისის მომსახურების მიღება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათ–კვირისა.

რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები

გარდა ამისა, მომსახურების სააგენტომ შეაჩერა ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის პროცედურა.

ასევე იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიების ტერიტორიის.

მოქალაქეები დროებით ასევე ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვის-ცენტრებში სასურველი მომსახურებით.

ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა>>

მომსახურების სააგენტოში მისვლა სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად შესაძლებელია მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამავე დღეებში იქნება შესაძლებელი აუცილებელი ცნობის მიღება სააგენტოს ვებ-გვერდზე წინასწარი ონლაინ-რეგისტრაციის გავლით.

შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

ამასთან საქართველოს მოსახლეობას სთხოვენ, რომ მომსახურების სააგენტოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად უკვე ინფიცირების 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რიცხვმა 132 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1,2 ათასზე მეტი ადამიანი.

ინფიცირების რაოდენობის შემცირების მიზნით საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში, სადაც გაჩერდა საქალაქო ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრების მუშაობა, ბაზრობები, სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.