ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.