მსოფლიო დღეს

დაუჯერებელი ფაქტი: 101 წლის ქალმა კორონავირუსი სამჯერ დაამარცხა – ფოტო

დღეგრძელ ქალბატონს, რომელმაც მანამდე „ესპანური გრიპის“ ეპიდემიაც გამოიარა და მეორე მსოფლიო ომიც, ვერც კორონავირუსი მოერია.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 101 წლის იტალიელი ქალბატონი მარია ორსინგერი სამჯერ დაინფიცირდა კორონავირუსით და სამჯერვე დაამარცხა დაავადება, იუწყება გაზეთი Corriere della Sera.

გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის დიაგნოზი მხცოვან ქალს პირველად თებერვალში დაუსვეს. მაშინ ექიმები ამბობდნენ. რომ მარია ორსინგერმა იოლად გადაიტანა საშიში დაავადება.

​თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიკეთა ტესტი და ინფიცირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამიტომ სექტემბერში საუკუნეზე მეტი ასაკის ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც 18 დღე დაჰყო.

ექიმების თქმით, მარიას ამ ჯერზე ტემპერატურა კი ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფობა მაინც იოლ ფორმებში მიმდინარეობდა.

ბოლოს, უკვე მესამედ, ორსინგერს კორონავირუსი ოქტომბერში დაუდასტურდა.

„არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. თავს კარგად გრძნობდა, მადაც კი არ დაუკარგავს“, — ამბობს მარიას ქალიშვილი.

ექიმების თქმით, მარია ორსინგერის შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია, ვინაიდან კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების ფაქტებიც კი მსოფლიოში ძალიან მცირეა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამჯერ დაავადებაზე.