თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება დეკემბერში, არჩევნების მეორე ტურის შედეგების და მათი საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 20 დღის განმავლობაში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ასევე ხსნის მას.
ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას დეპუტატების უმრავლესობა ესწრება.
პარლამენტის წევრების რეგისტრაციას ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. ისინი სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.
სხდომის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.
ამის შემდეგ დაგეგმილია ცესკოს თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა, რომელიც პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს მის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
დროებითი სამანდატო კომისია სწავლობს დოკუმენტაციას და ანგარიშს აბარებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს მისი წევრების უფლებამოსილებას ერთიანი სიით, რომელსაც დროებითი სამანდატო კომისია წარუდგენს.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.
ფრაქციები და უმრავლესობა
პირველ სხდომაზე იქმნება ფრაქციები. საქართველოს პარლამენტში ფრაქცია შედგება შვიდი ადამიანისგან და ერთ პარტიას ერთი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება.
ფრაქციის რეგისტრაციისთვის მისმა თავმჯდომარემ უნდა მიმართოს დროებით სამანდატო კომისიას განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური დასახელება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა პირადი მონაცემები. განცხადებას თან ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი განიხილება დაუყოვნებლივ, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს დროებითი სამანდატო კომისია იღებს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც პარლამენტი რეგისტრაციაში ატარებს.
პარლამენტის ის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო.
დეპუტატების გასამრჯელო
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის რიგითი წევრის გასამრჯელო შეადგენს 4 624 ლარს, მაგრამ თუ ის პარლამენტში რაიმე თანამდებობას დაიკავებს, გასამრჯელო უფრო მაღალი იქნება:
- პარლამენტის თავმჯდომარე – 6740 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6400 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 6340 ლარი;
- კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარე – 5540 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 4800 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 4740 ლარი.