გურიასა და აჭარაში გაზმომარაგების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება

მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე ავარიის შედეგად საქართველოს ორი რეგიონი - აჭარა და გურია ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალისტების მიერ „ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე სრულად ლიკვიდირებულია დაზიანება, რომლის გამო გაზის გარეშე დარჩა დაახლოებით 450 ათასი ადამიანი - აჭარისა და გურიის მცხოვრებლები, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა. დღის განმავლობაში ყველა აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება.

საქართველოს ორი რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

„ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე ავარიის შედეგად შაბათს საქართველოს ორი რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. გაზის ბალონების დასატენად გაზგასამართ სადგურებთან უამრავი ხალხი მივიდა, დადგა გრძელი რიგები.

გვიან ღამით გაზის მიწოდება აღუდგა სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს.

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი აცხადებს, რომ რეგიონის გაზმომარაგება სრულად 3-4 დღეში აღდგება.

„ამ წუთას ჩართულია აბონენტების მინიმალური რაოდენობა. მთლიანად აჭარა რომ დაიტვირთოს, 3-4 დღე დაგვჭირდება. აქ დაახლოებით 100 ათასი აბონენტია. დრო გვჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა“, - განაცხადა ბერიშვილმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

მისი თქმით, ბათუმში გაზის მიწოდება სრულად ორშაბათს აღდგება.