სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს

ორ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს, ბოიკოტი ვრცელდება არამარტო შედეგებზე, არამედ არ შედეგების მიხედვით გამოანგარიშებულ დაფინანსებაზეც
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს აცხადებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე დათანხმდა, მანამდე ამის შესახებ პარტია „ლელომ“ განაცხადა.

ვადა იწურება: „ლელო“ დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადის შეტანას აპირებს

31 ოქტომბრის შედეგების მიხედვით, პარტია „გირჩს" ბიუჯეტიდან ერგება 777 990 ლარი, ხოლო „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს" - 497 406 ლარი.

„თუ იმ შედეგებს არ ცნობ, რაც ცესკომ დაწერა, თუ იმ რაოდენობის ხმებს არ ცნობ, რაც ცესკოს მიერაა გამოცხადებული, ამ ფორმულით დაანგარიშებულ თანხას რატომ ცნობ და რატომ იღებ - ეს არის გაუგებარი, ჩვენთვის, ჩვენი პარტიისთვის გაუგებარია. ბოიკოტი ჩვენთვის იმასაც გულისხმობს, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით დაანგარიშებული თანხა არ უნდა აიღო, არა მარტო პარლამენტში არ უნდა შეხვიდე“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 

რაც შეეხება „გირჩს“, ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ დაფინანსებას ელექტრომობილ „ტესლას“ გათამაშებაზე დახარჯავდა, რაც ამჟამინდელი შედეგებით შეუძლებელია.

„ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება. ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა "ტესლას" ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ“, -ნათქვამია პარტიის განცხადებაში
პარტიების დაფინანსება: ვინ რამდენს მიიღებს 2021 წელს

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა 9 პარტიამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს დაფინანსების მოთხოვნის მიზნით უკვე მიმართა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.