თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან COVID-19-ის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
ამ დროისთვის ავთანდილ თალაკვაძეს კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.