ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

ხვალიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მთლიანად შეჩერდება.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის გამო ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ორთვიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები წესდება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში. 

კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის მეტი მოტივაცია ჰქონოდათ.

„როგორც იცით, ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. რადგან ტრანსპორტი ჩერდება, დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადიც გაუქმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს. პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია.