საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 5 ათასამდე წარმომადგენელია ინფიცირებული

ბოლო თვეებში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს 5 ათასამდე წარმომადგენელი, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებითი რიცხვი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც ამჟამად არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში, მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს ჩაერთოს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

„ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდ-სასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით, ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

მოეწყობა თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები – ცქიტიშვილის განმარტება

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის მანქანები შეიძინა. მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოეულ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

„ჩვენ ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ – იმნაძე საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებაზე

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

„მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1.161 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.