თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ფოტომოდელის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კესარია დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში, ზუსტად იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც ერთი წლის წინ გაზის აფეთქების შედეგად ტრაგედია დატრიალდა.
„გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა. მე ვიცი წინა წელს ეს კორპუსი აფეთქდა. შეშინებულია ხალხი, ზოგი წავიდა. წინა წელსაც, როცა აფეთქდა, რამდენჯერმე მოვიდნენ, ალბათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და თქვეს, შეიძლება ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანა და ამიტომ დადგა სუნიო. ამის შემდეგ დატრიალდა ტრაგედია“, – განუცხადა კესარია აბრამიძემ ჟურნალისტებს.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 2019 წლის იანვარში მოხდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაყვანილი არასრულწლოვანიც. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნებიც.