საზოგადოებამ ის ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ვიდეოკლიპიდან გაიცნო. წლების წინ მისი ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო.
„მეფე“ ირაკლი ჩარკვიანის უფროსი ვაჟი მაქსიმე ჩარკვიანი საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა ქართველ გოგონებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 32 წლის მაქსიმე თბილისში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას.
როგორც ინტერვიუებში ამბობს, 25 წელია მოსკოვში ცხოვრობს, წერს სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც უწევს და კლიპებსა და რეკლამებზე მუშაობს. თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ზოგჯერ უფრო ხშირად. გააჩნია, თავისუფალი დრო როგორ აქვს.
7 წლის იყო, როცა დედასთან ერთად მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად და, როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მის ქართულ ოჯახთან. მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
„იმედი მაქვს, ირაკლი სადაც არის, თვალს მიკრავს იქიდან და ამაყობს ჩემით“, – ამბობს მაქსიმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უცნობია ამჟამად მისი გული დაკავებულია თუ არა, თუმცა 2014 წელს მაქსიმე თბილისში შეყვარებულ რიტა გალკინასთან ერთად იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და პროფესიით მოდის სფეროს ბლოგერია. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.