ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება

2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებლებზე აისახება, მიაჩნია ივანე მაჭავარიანს.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 28 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე აისახება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს მინუს 5%-ის, 2021 წელს კი პლუს 4,3%-ის დონეზე უნდა ყოფილიყო. მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ინფიცირების გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში წესდება ახალი შეზღუდვები, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაზე საცალო ვაჭრობის კუთხით. 

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს – ექსპერტის მოსაზრება

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ნოემბერში შეიმჩნევა შემოსავლის კლება, ჯერ კი შეზღუდვები არც ამოქმედებულა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკის 5%-იან ვარდნაზე, ეს ოპტიმისტური პერიოდიდან გამომდინარე იყო გათვლილი, ამიტომ ნოემბერი და დეკემბერი ამ მაჩვენებელზე გავლენას მოახდენს“, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებლებზე აისახება.

„2020 წლის პროგნოზი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველს იძლევა, რამდენადაც, ერთი მხრივ, გაუარესდება სასტარტო პირობები, მათ შორის იანვარსა და თებერვალში, როდესაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეკონომიკური აქტიობა ასე მარტივად არ აღდგება, ეს ის ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს წლიურ 4,3%-იან პროგნოზს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ არის დამაიმედებელი ფაქტორი ვაქცინის სახით, რომლის მიღების შემდეგ ეკონომიკა უფრო სწრაფ აღდგენას დაიწყებს.

„ახალი პროგნოზი დასათვლელია იმის მიხედვით, რა სურათს მოგვცემს შეზღუდვები. მე მაინც მგონია, რომ 2021 წელს 4%-იანი ზრდის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ეს დასაზუსტებელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.