თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოაწყვეს ექსპერტების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საქმეზე არიან დაკავებულები, და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე>>
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი პლაკატებით ხელში შეიკრიბა.
- დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
აქტივისტ გიგი მაქარაშვილის თქმით, პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ საგარეო უწყებამ ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატებს არ გადასცა მასალები, რომლებსაც, აქტივისტის თქმით, ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია.
„ამ უწყების კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი. მთლიანობაში, ეს აქცია ამ ადამიანების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ეძღვნება. ეს ტალღა არ შეჩერდება“, – განუცხადა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.