„ჩვენ ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ – იმნაძე საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებაზე

მედიკოსების პროგნოზით, ახალი შეზღუდვების შედეგად დეკემბრის მეორე ნახევრიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შემცირდება.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის ტრაექტორია დედამიწის უმაღლესი მწვერვალის ჯომოლუნგმას დაპყრობას შეადარა. 

პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობის აუცილებელი მინიმუმი: ჯანმომ რეკომენდაციები შეცვალა

ექიმმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ნიშნავს სპირალური ეტაპი, რომელზეც, ბევრი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე იმყოფება ქვეყანა.

„თქვენ ხომ ხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვამბობდი და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ახლა სწორედ ამ მწვერვალზე ავდივართ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების შედეგად ეპიდემიოლოგები ვითარების სტაბილიზაციას ელოდებიან. მათი პროგნოზით, დეკემბრის მეორე ნახევრის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ექსპერტების გათვლით, პირველი შედეგები შეზღუდვების შემოღებიდან ორ კვირაში დადგება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 123 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი ადამიანი, გარდაცვლილია 1.161 პაციენტი.