მსოფლიო დღეს

რას ხედავენ COVID-19-ით დაავადებული მომაკვდავი პაციენტები: ექიმი ვიდეოს აქვეყნებს

სიკვდილის წინ კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფი წუთში ორმოცჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, ხოლო სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე 80%-ზე ქვემოთ ეცემა.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობს, სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომლითაც მან საზოგადოებას აჩვენა, თუ რას ხედავენ მომაკვდავი პაციენტები უკანასკნელ წუთებში.

​კადრებზე ექიმი კენეტ რემი (Kenneth Remy) ინდივიდუალური დაცვის ეკიპირებაშია გამოწყობილი. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო წუთებში პაცენტები სწორედ ამას — ექიმების სახეებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ხედავენ. ამ დროს ავადმყოფი წუთში სულ ორმოცჯერ ახერხებს ჩასუნთქვას, ხოლო მისი სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე 80%-ზე ქვემოთ ეცემა.   

„მე არ მინდა ვიყო ბოლო ადამიანი, რომელიც თქვენს შეშინებულ თვალებს დაინახავს“, — ასეთი კომენტარი გაუკეთა მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც ამ დროისათვის თითქმის 200 ათასი ნახვა აქვს.

ექიმი სთხოვს ყველას, სერიოზულად მოეკიდონ მის მოწოდებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ „თუ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეს არ ატარებთ, თუ არ დაიბანთ ხელებს“, ასეთ შემთხვევაში ბოლო სურათი, რასაც იხილავთ, ექიმის ეკიპირებული სახე იქნება.