საქართველოს რვა დიდ ქალაქში დამატებითი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

ეპიდვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების გამო საქართველოს რვა დიდ ქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში იზღუდება:

– მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

– სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ;

– იზღუდება ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა. შეზღუდვა არ ეხება აგრარულ ბაზრებს;

– სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

– იზღუდება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღების მუშაობა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. 26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.