მსოფლიო დღეს

გრანდიოზული დამშვიდობება: მარადონას ცხედარი პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ვიდეო

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, არგენტინა ასე ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტ ნესტორ კირშნერს დაემშვიდობა 2010 წელს.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთის ლეგენდის, არგენტინელი დიეგო მარადონას ცხედარი, რომელიც 25 ნოემბერს გარდაიცვალა, ბუენოს–აირესში პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს, იუწყება გამოცემა ADNSUR.

სახელგანთქმულ სპორტსმენთან გამოთხოვების ცერემონია უკვე დაიწყო. სასახლეში ასევე იმყოფებიან მარადონას ოჯახის წევრები.

აღინიშნება, რომ ბოლოს ასე არგენტინა ქვეყნის პრეზიდენტ ნესტორ კირშნერს დაემშვიდობა 2010 წელს.

მარადონას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამგლოვიარო აქციები. არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ამ დროისათვის პრეზიდენტის სასახლის წინ ათასობით გულშემატკივარია შეკრებილი, რომლებიც შეძახილების თანხლებით ადევნებენ დიდ ეკრანზე თვალს სათაყვანო სპორტსმენის მიერ ჩატარებულ მატჩებს.

დიეგო მარადონამ არგენტინისა და ევროპის კლუბების შემადგენლობაში სულ 490 შეხვედრა ჩაატარა და 259 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 91 მატჩში ფეხბურთელმა 34-ჯერ აიღო მეტოქის კარი.