თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ მიიღო კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება, არ დაკეტოს სილამაზის სალონები.
ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა >>
გამყრელიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში უსაფრთხოების ზომებს კარგად იცავენ.
„არის მეორე რისკი, რომ დაკეტო სილამაზის სალონი და შეზღუდო, ეს ბიზნესი ინაცვლებს ჩრდილში, ადამიანები სახლებში დადიან და შესაძლებელია უფრო მეტი იყო გავრცელების რისკი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ხუთშაბათს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა, რომლის თანახმად ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.
28 ნოემბრიდან საქართველოს რვა დიდ ქალაქში მუშაობას აჩერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება სპორტკლუბები და აუზები, რესტორნები მხოლოდ გარეთ გატანის მომსახურებაზე გადავლენ, დაიკეტება ღია და დახურული ტიპის ყველა სავაჭრო წერტილები, გარდა პირველადი საჭიროების საქონლის სარეალიზაციო წერტილების.
აიკრძალება გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუმცა კერძო ავტომობილით გადაადგილება დაშვებულია.