გამყრელიძე: იანვრის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და უფრო მეტად უნდა შემცირდეს

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რას ისახავს მიზნად საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების პაკეტი და რას უნდა ველოდოთ მისი ამოქმედების შედეგად.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზანია ვირუსის სწრაფი გავრცელების შეჩერება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება დღეს მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში იმოქმედებს.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ იანვრის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე დღესაა ქვეყანაში.

„ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა, ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. დაწესება ერთია და მისი აღსრულება – მეორე. თუ ჩვენ ერთად – სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და ძალიან დიდი სოლიდარობა იყო, მივაღწევთ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, სოლიდარობა სახელმწიფოს, საზოგადოებას და სამედიცინო პერსონალს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არ იქნება სწრაფი ზრდა.

რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ

„მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. მილიონ მოსახლეზე ყოველდღიური ზღვარი 8-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. 26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.