დიეგო მარადონას თავგადასავალი თბილისში, ანუ „გაუმარჯოს საქართველოს“ ქართულად

2008 წლის 22 ოქტომბერს, 21 საათსა და 40 წუთზე თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც დიეგო მარადონა და მისი არგენტინელი მეგობრები საქართველოში ჩამოიყვანა...
Sputnik

ბესიკ ფიფია

…2006 წლის დეკემბერი იდგა. რესტორან „აფხაზეთში“, რომელიც მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, სუფრას ამ სტრიქონების ავტორი, ტატო ლასხიშვილი (მაშინ გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი), თენგიზ პაჭკორია (ჟურნალისტი და ისტორიკოსი) და ნიკო პატარქალიშვილი (კულტურის, სპორტისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი) უსხდნენ.

ეს ის ნიკო პატარქალიშვილი იყო, რომლის ხელშეწყობითაც, პირველად საქართველოსა და ურუგვაის ისტორიაში, 2006 წლის ნოემბერში თბილისში ეროვნულ ნაკრებთა საფეხბურთო მატჩი გაიმართა (გაიმარჯვეს ქართველებმა ანგარიშით 2:0).

დიეგო მარადონა ტვინზე გაკეთებული ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ნიკომ სადღეგრძელოებს შორის გვითხრა, რომ ასეთივე შეხვედრების მოწყობას აპირებდა არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებთან. გარდა ამისა, განზრახული ჰქონდა თბილისში „მარადონას თასის“ ტურნირის ჩატარება საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით, მარადონას სახელობის საფეხბურთო სკოლის დაარსება და თბილისში თავად დიეგო მარადონა ჩამოყვანა ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სათამაშოდ. 

რესტორან „აფხაზეთში“ გატარებული ზამთრის ღამე 2008 წლის ოქტომბერში გამახსენდა, როცა განსაცვიფრებელი ამბავი შევიტყვე – რომ თბილისში დიეგო მარადონა ჩამოდიოდა და ბურთის ჯადოქარი სწორედ ნიკო პატარქალიშვილს ჩამოჰყავდა... 

2008 წლის 22 ოქტომბერს, 21 საათსა და 40 წუთზე, თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც დიეგო მარადონა და მისი არგენტინელი მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები ჩამოიყვანა. 

აეროპორტიდან გამოსულმა, დაცვით გარშემორტყმულმა დიეგო მარადონამ ჟურნალისტთა მრავალრიცხოვანი არმია გაიარა და ავტობუსისკენ წავიდა. ადგილი სალონის შუაში დაიკავა, სიგარა ამოიღო და გააბოლა. შემდეგ ადგა, მივიდა მძღოლის სავარძელთან, ჩაჯდა მასში, მინა ჩამოწია და დამხვდომებს ხელი დაუქნია. ფანატები ფეხბურთელისკენ დაიძრნენ ავტოგრაფის მისაღებად. დიეგო მარადონა ათი წუთის განმავლობაში აწერდა ხელს თავის სურათებზე, მაისურებზე, ბურთებსა და ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. ამ სტრიქონების ავტორმა მაშინ დიდი წვალებით მოახერხა დიდი ფეხბურთელისთვის ფოტოების გადაღება ავტოგრაფ–სესიისას. 

მერე დიეგო მარადონა ისევ სალონის შუაგულში დაჯდა და სიგარის მოწევა განაგრძო. ავტობუსმა, რომელსაც საგზაო პოლიციის ესკორტი მიაცილებდა, ოკეანისგაღმელი სტუმრები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიიყვანა. ცნობილი ფეხბურთელი სასტუმრომ უფასოდ შეასახლა ლუქსში, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა. სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მარადონას თხოვნით ნომრის მინი-ბარიდან ყველა ალკოჰოლური სასმელი გაიტანეს. 

23 ოქტომბრის 18:00 საათზე ბორის პაიჭაძის სტადიონზე დიეგო მარადონას პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი. საკონფერენციო დარბაზში, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. „მწერალი“ და გადამღები ჟურნალისტები ნახევარი საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდნენ დიდ მარადონას. 19 საათსა და 35 წუთზე დარბაზში ნანატრი „ფეხბურთის ღმერთი“ გამოჩნდა. ამუშავდა ვიდეოკამერები, აჩხაკუნდა ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები, აზუზუნდა დიქტოფონები — აღფრთოვანებულ ჟურნალისტებს კერპის ერთი სიტყვის, გამოხედვისა და მოძრაობის გამოტოვებაც კი არ სურდათ.

„მიხარია, რომ თქვენთან ვარ, — განაცხადა სახელოვანმა სტუმარმა, როგორც კი სავარძელში ჩაჯდა. — მე კარგად ვიცი, რაც მოხდა თქვენ ქვეყანაში. ჩემი ჩამოსვლით მსურდა, მხარი დამეჭირა თქვენთვის. საქართველოში თავს დიდებულად ვგრძნობ. გაუმარჯოს საქართველოს!“

ეს ბოლო სიტყვები მარადონამ ქართულად წარმოთქვა.  

„მეც და ბევრ სხვასაც საქართველოში მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით №1 ფეხბურთელი ისტორიაში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?“ — ჰკითხა დიდ სტუმარს ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულმა მიმომხილველმა ლევან სალუქვაძემ.

„მე სრულად ვეთანხმები ქართველებს. მეც სწორედ ასე ვფიქრობ“, — თქვა მომღიმარმა მარადონამ და მიუბრუნდა რა კითხვის დამსმელ ჟურნალისტს, დაამატა: „თქვენი სახით კი დღეს კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე“. 

გაზეთ „ქართული აზრის“ რედაქტორმა გიორგი მამაცაშვილმა მარადონას უჩვეულო შეკითხვა–თხოვნით მიმართა: „შეიძლება თუ არა, რომ ახლა წილად მხვდეს ბედნიერება და ჩამომართვათ ის ხელი, რომელსაც თქვენ ღმერთის ხელი უწოდეთ?“  

დიეგო მარადონას თავგადასავალი თბილისში, ანუ „გაუმარჯოს საქართველოს“ ქართულად

ფეხბურთელმა პასუხად გაიცინა, მერე წამოიწია და ჟურნალისტს მარცხენა ხელი ჩამოართვა.

ცნობილია, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონამ ორჯერ აიღო ინგლისის ნაკრების კარი. აქედან პირველად — ხელით (ეს მკაფიოდ გამოჩნდა გამეორებებში, მაგრამ გოლი ჩაითვალა). მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „თუ ეს ხელი იყო, გამოდის, რომ ღმერთის ხელი ყოფილა“. ეს გამონათქვამი აფორიზმად იქცა, ხოლო თავად გოლი — ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ორაზროვან გოლად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ინგლისურმა პრესამ, თავის მხრივ, ეს ეპიზოდი „ეშმაკის ხელად“ მონათლა.

გავიდა 22 წელი ამ შემთხვევიდან და მარადონამ ბოდიში მოიხადა ამ საქციელისთვის: „წარსულში დაბრუნება და ისტორიის შეცვლა რომ შემეძლოს, მე ამას გავაკეთებდი. ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ პატიება ვითხოვო ჩემი საქციელისთვის. რაც მოხდა, მოხდა — არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო მე — პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი“. 

კითხვაზე „ვის გაიხსენებდით საბჭოთა კავშირის ნაკრებში შემავალი იმ ქართველი ფეხბურთელებიდან, ვისთანაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში გითამაშიათ“, დიეგო მარადონამ უპასუხა: „მართალი გითხრათ, არ შემიძლია გიპასუხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა საბჭოელ ფეხბურთელს რუსად მივიჩნევდით. ეს აქ შევიტყვე, რომ ქართველებს კარგი საკლუბო გუნდი, თბილისის „დინამო“ გყოლიათ“.  

არგენტინელთა ცნობილი ათეულის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს თამაშის ბედნიერება ხუთ ქართველ ფეხბურთელს ხვდა წილად: ალექსანდრე ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძეს, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიასა და ნოდარ ხიზანიშვილს. ამასთან, თენგიზ სულაქველიძე მარადონას მინდორზე სამჯერ — 1980, 1982 და 1988 წლებში შეხვდა. თანაც უბრალოდ კი არ შეხვდა, პირადად მეურვეობდა არგენტინის ნაკრების კაპიტანს. 

  • „პირველი თამაში არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატეში ტარდებოდა, — იხსენებს თენგიზ სულაქველიძე. — მატჩის დღეს, ვახშმის წინ საბჭოთა ნაკრების მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა მითხრა, რომ მარადონას პერსონალური მეურვე უნდა ვყოფილიყავი. უფრო კონკრეტულად, მე თავად იმდენად არ უნდა მეთამაშა, რამდენადაც მარადონასთვის უნდა შემეშალა ხელი თამაშში. ამ მოულოდნელმა წინადადებამ შოკში ჩამაგდო. იმდენი ვინერვიულე, რომ არც კი მახსოვს, როგორ ვივახშმე. თუმცა მაინც მოვახერხე ძალების მობილიზება და მინდორზე საბრძოლო განწყობით გასვლა. მატჩი ჩემთვის ერთ-ერთი უძნელესი გამოდგა. მარადონა საოცრებებს აკეთებდა. ის უბრალოდ კი არ დარბოდა, არამედ თან პასებს აწვდიდა და ურტყამდა. ის ფეხბურთს ისე თამაშობდა, თითქოს რთულ, დახვეწილ, კარგად აქცენტირებულ მუსიკას უკრავდა. ის მატჩი ფრედ — ანგარიშით 1:1 დამთავრდა. არგენტილებიდან დიეგო მარადონა გამოირჩა, ჩვენგან — ჰორენ ოჰანესიანი. მომდევნო თამაშიც, პირველის მსგავსად, ამხანაგური იყო და ბუენოს–აირესში გაიმართა. ისიც იმავე ანგარიშით, ფრედ დამთავრდა. მესამე შეხვედრა დასავლეთ ბერლინში შედგა, ოთხი ქვეყნის – საბჭოთა კავშირის, არგენტინის, შვეციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებების საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში. ჩვენ მაშინ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებს მოვუგეთ — ანგარიშით 4:2. მაგრამ, იცით, დამამახსოვრდა ასეთი მომენტი: თამაშის დაწყებამდე მარადონამ მიცნო თავისი ძველი მეურვე, მომიახლოვდა, მხარზე ხელი შემომკრა და ესპანურად რაღაც მითხრა. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა მისი სიტყვები, მაგრამ ეს კომპლიმენტს ჰგავდა“... 

საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩი „თბილისობის“ დღესასწაულზე, 26 ოქტომბერს დაინიშნა. თამაში საღამოს რვა საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის 40 წუთით შეაყოვნა თავად დიეგო მარადონამ. მინდორზე გამოსვლამდე თანაშემწეებმა შეატყობინეს, რომ სტადიონის გარშემო ბლომად გულშემატკივრებს მოეყარათ თავი, თავად სტადიონი კი მხოლოდ მეოთხედით იყო შევსებული. მიზეზიც უთხრეს: ბილეთი 100 დოლარი ღირდა, რაც საქართველოში მასწავლებლის ერთი თვის ხელფასის ეკვივალენტი იყო. ამბობენ, რომ მაშინ მარადონას სტადიონზე ყველა მსურველის უფასოდ შემოშვება მოუსურვებია და ამიტომ მალე გულშემატკივრებისთვის სტადიონის კარები გახსნეს. 

დიდებული თამაში გაიმართა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლეგენდარული ფეხბურთელები გამოდიოდნენ: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე. შეხვედრაში მარადონას მეგობრებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 5:3. თავად დიეგომ მინდორზე 65 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ „ფეხბურთის მეფემ“ თავისი მაისური საქართველოს ნაკრებისა და ვლადიკავკაზის „ალანიის“ ყოფილ ფეხბურთელს გოჩა ჯამარაულს აჩუქა. 

დიეგო მარადონას თავგადასავალი თბილისში, ანუ „გაუმარჯოს საქართველოს“ ქართულად

2008 წლის 27 ოქტომბერს დიეგო მარადონა თბილისიდან ბუენოს–აირესში დაბრუნდა. და მეორე დღეს ასრულდა მისი ოცნება, რომელიც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაამჟღავნა: „მაქვს ოცნება, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩავუდგე სათავეში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა“.  

დიეგო მარადონა თბილისიდან დაბრუნებისთანავე მიიწვიეს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ხულიო გრონდონოსთან შეხვედრაზე და არგენტინის ნკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს. 

ქართველებმა ლეგენდარული ფეხბურთელის სანუკვარი ოცნების ასრულება სასწრაფოდ მის მტკვრის ნაპირებზე ყოფნას დაუკავშირეს. ქართველი გულშემატკივრები მთელი იმ დღეების განმავლობაში სვამდნენ იმ ადამიანის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ოცნებების ასრულების სადღეგრძელოს, რომელმაც მათ ჯერ არნახული საფეხბურთო ზეიმი აჩუქა...