ჰოსპიტალურ სექტორში 279 თავისუფალი საწოლია – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჰოსპიტალური სექტორი კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის გამკლავებას შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მობილიზებული 5 925 საწოლიდან 279 თავისუფალია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ვაქცინით პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან

„ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, დაკავებულია 5 741 საწოლი. გადანაწილების რეჟიმში – სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას – ამ ეტაპზე იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყებამ ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზება მას შემდეგ განახორციელა, რაც საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის შედეგის წინასწარმეტყველება რთული არ იყო და თუ ოქტომბერში 3 300 საწოლი იყო, დღეს მათი რაოდენობა 7 ათასზე მეტია.

რაც შეეხება კოვიდ–სასტუმროებს, იქ არა მარტო ექიმები და ექთნები მუშაობენ, არამედ თითოეულ სასტუმროზე მიმაგრებულია კურატორი–კლინიკები, რომლებშიც პაციენტები გარკვეულ დროში შესაბამის გამოკვლევებს იტარებენ და შემდეგ კონკრეტულ დანიშნულებას იღებენ.

ტიკარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა არ არსებობს. უწყება ვირუსის მართვის პროცესში დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვაზე მუშაობს. 

ცერცვაძე: საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით არ არის

„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან მრავალი ქვეყნის მაგალითი გვაქვს, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ მათ არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება და არ გეგმავს მინისტრის პოსტის დატოვებას.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, რამდენადაც საკუთარ თავზე სწორედ ახლა ვგრძნობ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს.

პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 112 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში 18 526 აქტიური შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.