თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სამშაბათს, 24 ნოემბერს საქმეზე მორიგი პროცესი იყო ჩანიშნული, რომელზეც მოწმეების დაკითხვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომის გადატანის თხოვნით მიმართეს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.
ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.
საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი.